ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას. თვითონაც მიდიან და საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორ ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორ გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი, ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია, მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციამ დაიბრალოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „მედიის წარმომადგენელზე თუ არის ძალადობა, დროულად და სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული“.
„რაც შეეხება რეკომენდაციის შესრულებას, ანგარიშის შემდეგ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რაც იქნება ევროკავშირის აუდიო და ვიზუალურად დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად წინ წასწევს ამ პროცესს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ საუბარია არა რაიმე საკანონმდებლო დამატებით რეგულაციებზე, არამედ იმაზე, რომ მოხდეს დროული გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა, ვისგანაც ხდება ჟურნალისტზე თავდასხმა. მეორე მხრივ, ეს დაკავშირებულია ზოგადად ძალადობის კულტივირების პრევენციასთან ბევრი მხრიდან და ამაზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.