საქართველო და ქართული ხელისუფლება ყოველთვის იყო და არის პირნათელი უკრაინის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია, ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წითელი ხაზი გადაკვეთა, ეს არის რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლება და აბსოლუტურად გულისამრევი მოქმედება ბატონი სააკაშვილის მიმართ“.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც იფარებდა სააკაშვილს, იფარებს ზურაბ ადეიშვილს და გია ლორთქიფანიძეს.
„სულ ახლახან იყვნენ ჩამოსული ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სანქციების კოორდინატორები, ყველაზე ავტორიტეტული ხალხი ამ საკითხში და მადლობები უხადეს საქართველოს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია საქართველოში, არამედ იმისთვის, რომ ევროპიდან შემოსული საქონელი ჩვენს საზღვრებზე ჩერდება. ის, რაც მათ გამოეპარათ, ჩვენთან ჩერდება. სინამდვილეში, ამას ვამბობ, რომ საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე, პირნათელია ახლაც და იყო მაშინ, როდესაც ომი დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო და ქართული ხელისუფლება ყოველთვის იყო და არის პირნათელი უკრაინის წინაშე. უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა, იფარებდა ზურაბ ადეიშვილს, გია ლორთქიფანიძეს, რომელმაც შემოაპარა სააკაშვილი, რათა ქვეყანა აერია. ეს ადამიანი არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე. ყველა თქვენი ოჯახის ცხოვრება იყო გაწირული იმით, რომ მიხეილ სააკაშვილს აერია სიტუაცია და რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა დღეს ქუჩაში, ვისი ავტომატი გაისროდა, კაციშვილმა არ იცოდა. ის ადამიანი, ვინც ეს დააორგანიზა, დღეს უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.