უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთიდან მოულოდნელი ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრაღაში გამართავს მოლაპარაკებებს ჩეხეთის პრეზიდენტთან პეტრ პაველთან და პრემიერთან პეტრ ფიალასთან, ასევე პარლამენტის სპიკერებთან და შეხვდება მთავრობის, პარალამენტისა და მედიის წარმომადგენლებს.
„ყურადღების ცენტრში იქნება სამხედრო მხარდაჭერა, უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატო-ს ვილნიუსის სამიტი, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ სიტუაცია, „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელება, უკრაინის აღდგენა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა ბულგარეთში, ორივე ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც 22-ე დოკუმენტია, რომელშიც საუბარია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერაზე. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკი ნატო-ს სამიტის დაწყებამდე თურქეთში ჩავა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.