ხაბეიშვილის საქმიანობა მიმართულია დაძაბულობის კერების შექმნისკენ, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, შუღლი და დაპირისპირება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.
„ყოველგვარი ექსცესი, რომელიც წარმოიშობა, ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან ეს ხელს უწყობს შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას. შემდგომში ეს გამოიყენება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად, როგორც პოლარიზაციის არგუმენტად. ამაში ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. ხაბეიშვილის საქმიანობისა და პოლიტიკური არტიკულაციის სტილი მიმართულია იმისკენ, რომ კონფლიქტის, დაძაბულობის კერები შექმნას, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება. ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოყვანის მიზანი იყო, მელიასგან განსხვავებით, მრავალი პროვოკაცია განეხორციელებინა. მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღეს საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის წევრებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ლევან ხაბეიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრას დაპირისპირება მოჰყვა კასპშიც.