რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისის შესრულების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ამასთან, გამოცემის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეისების შესრულების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია.
მედიის ცნობით, ნებართვების უმეტესობა რუსეთის დეპარტამენტმა გასცა ავიაკომპანია Red Wings-ის მიმართ, რომელსაც ფრენების განხორციელება ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე სურს.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა".