ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად რა ფაქტები და მონაცემებიც გამოქვეყნდა მიშა მშვილდაძის თავდასხმასთან დაკავშირებით გვაჩვენებს, რომ ასეთ ამბებში ძალიან დიდია ხელისუფლების ან მასთან დაკავშირებული ჯგუფების როლი.
„თუ ეს ყველაფერი ამგვარად არის, მაშინ ნიშნავს, რომ ამის კოორდინირება ხდებოდა სახელისუფლებლო სტრუქტურის, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი სხვადასხვა ტიპის დანაყოფების მხრიდან.
ეს ნათელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება გამოძიება და დაისჯებიან დამნაშავეები. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ასეთი ქმედება იმ განცხადებების შესაბამისად, რაც ადრე გაკეთდა და ყოველთვის კავშირში იყო ძალადობის წახალისებასთან, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“ - თქვა გიგი წერეთელმა.