როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყებენ, ახსოვდეთ, რომ თუ ვინმეს რუსეთთან ნაომარი აქვს, ჩვენ ვომობდით და სამი ომი გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რუსეთის მიმართ სანქციებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ისეთი სანქციების შემოღება ხდება, რაც ზედმეტად არ დააზიანებს სანქციების შემომღებ ქვეყნებს.
„სანქციები თავიდან მცირე საკითხებს ეხებოდა, ახლა ნელ-ნელა იმატებს. ყველამ გაიხსენოს, სანქციებზე რა დისკუსიები მიმდინარეობს, ეს პროცესი ევროკავშირში ღიაა. ინტერესებია და ისეთი სანქციების შემოღება ხდება, რაც ზედმეტად და ჭარბად არ დააზიანებს თავად სანქციების შემომღებ ქვეყნებს. სანქციის მიზანია უფრო მეტად სხვისი დაზიანება, ვიდრე საკუთარი თავის. რა თქმა უნდა, ზიანს ყველა იღებს, მაგრამ ლოგიკაა, უფრო მეტად სხვა დაზიანდეს, ვიდრე საკუთარი თავი. დღესაც, უკრაინის გავლით, მხოლოდ ერთი მილით, რომელიც უკრაინაზე გადის, ევროკავშირი ბუნებრივ აირს იღებს და რუსეთს ყოველდღე 20 მლნ ევროს თუ დოლარს უხდის. ზოგს იმის გადაანგარიშება რომ უყვარს, ომი ფინანსდება თუ არა, 20 მილიონი ოთხი-ხუთი ტანკია და ეს საკითხი ასე დათვალონ, თუ ვინმეს ეს საკითხი აინტერესებს. როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყებენ ქართველი თუ უცხოელი აქტორები, ასეთი მორალისტობისას ჩვენი პასუხი გვექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ამბობენ, რომ ამ ომში თითქოს საქართველო ხელს ითბობს. შარშან მხოლოდ სამ თვეში ლატვიიდან რუსეთში იმდენივე ღვინო და ალკოჰოლური სასმელები შევიდა, რაც მთელი წლის განმავლობაში საქართველოდან.
„ლატვია იმდენ ღვინოს რომ არ აწარმოებს, როგორც საქართველო, ამას ყველა ხვდება. ყველამ იცის, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ხდება რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გატარება. როცა საქართველოს მიმართ მორალისტობას იწყებენ, ახსოვდეთ, რომ თუ ვინმეს რუსეთთან ნაომარი აქვს, ჩვენ ვომობდით და სამი ომი გვქონდა. დღეს ნატო-ს ქოლგით თბილად არიან დაფარული და როცა აქეთ მორალისტური პოზიციებით გვესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პასუხი გვექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.