ოპოზიციის ხატი და სახატე სხვა ქვეყნის დროშებია, სხვა ქვეყნის ჰიმნებია და აბსოლუტურად სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები. ოპოზიციას საკუთარი სამშობლოს შეგრძნება არ აქვს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მძიმეა ის რეაქციები, რაც საქართველოში მოჰყვა ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.
„ოპოზიციამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებს საქართველოსთან ყველანაირი კავშირი დაკარგული აქვთ, მათთვის ავტორიტეტია არა საქართველო, ქართული კანონმდებლობა, არამედ მათთვის ავტორიტეტია სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრი და ა.შ. ფაქტობრივად, ისინი არიან არა ქართველი პოლიტიკოსები, არამედ იქცევიან, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები. მათში ქართული საერთოდ არაფერშია. მათ სახელმწიფოს არანაირი კავშირი და შეგრძნება არ აქვთ. საკუთარი შეფასებებით აჩვენეს, რომ მზად არიან, საკუთარი მოქალაქე და კომპანია ერთ წამში გაყიდონ, გაიაშვილს და „აირზენას“ ვგულისხმობ. ერთ წუთში გაყიდეს, რადგან უცხო ქვეყნის რომელიღაც დეპუტატმა რაღაც თქვა. მათი ხატი და სახატე არის არა ქართული დროშა და ქართული ჰიმნი, არამედ მათი ხატი და სახატე სხვა ქვეყნის დროშებია, სხვა ქვეყნის ჰიმნებია და აბსოლუტურად სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები. ოპოზიციას საკუთარი სამშობლოს შეგრძნება არ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.