სამწუხაროა, რომ ზელენსკიმ თავის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც პირველ რიგში, საზიანოა უკრაინისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველაზე ავტორიტეტულმა, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხდება არადაამიანური მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება.
„სამწუხაროა, რომ ზელენსკიმ თავის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც პირველ რიგში, საზიანოა უკრაინისთვის. უკრაინას დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო სასამართლის გადაწყვეტილებები, რადგან უკრაინას რუსეთთან სამხედრო ომის გარდა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ბრძოლა. თუ უკრაინის პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს ამ ბრძოლაში უკრაინას არ დაეხმარება. ეს ყველაფერი საზიანოა ურთიერთობისთვის. ფაქტია, რომ ვიღაც ცდილობს, უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც რუსეთი არ არის.
ვხედავთ, ამით ვინ ხარობს – ძირითადად ის ადამიანები, ვინც ზეპირად ბევრს საუბრობს უკრაინა-საქართველოს მეგობრობაზე, ეს ხალხია გახარებული. ოპოზიციას ეს გადაწყვეტილება უხარია. ვნახეთ უცხოელი აქტორები, ვისაც ეს გადაწყვეტილება უხარია, რაც ყველაზე სამწუხაროა. სააკაშვილთან დაკავშირებით წელიწად-ნახევრიანო კამპანია მიმდინარეობს, დახარჯულია მილიონები და კორუმპირებული საერთაშორისო ქსელის ჩართვით იყო პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ხუხულასავით ჩამოიშალა, რადგან სტრასბურგმა თქვა, რომ აბსოლუტურად ტყუილი იყო ის, რასაც 600 დღე სააკაშვილის ქართველი და უცხოელი მფარველები გვატყუებდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.