სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრივი მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არ დგინდება არც ერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება, ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად, ვინ იყო ორგანიზატორი. მინდა, შეგახსენოთ, როცა აქ, პარლამენტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები, ორგანიზებული იყო შეკრება. უფრო მეტიც, მაგალითად, ადამიანებს მოუწოდეს, რომ ალყა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ამ ალყას მოჰყვა შემდეგ პირდაპირ ძალადობრივი აქტი. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, ამ შემთხვევაში მაგალითად, პირველი დასაჭერი არის გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს არის დაბალი სტანდარტი. ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი. სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრივი მოცემულობა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი.
კობახიძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. მისივე განმარტებით, 5 ივლისის მოვლენებისას იყო სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს რეაგირება.
„ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი, თუმცა მაგალითად, მეორე დღეს, როდესაც ადვილი იყო მოვლენების პროგნოზირება, არ იყო სპონტანური ძალადობა, იქ შსს-მ ბოლომდე დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება. ახლაც იმართება გარკვეული ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში, იქაც შსს თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებს ყველა უწყება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.