კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ 2020 წელს რომ მოეგო არჩევნები, ან 2021 წელს მოეხერხებინათ ქვეყნის მიყვანა რიგგარეშე არჩევნებამდე და შეეცვალათ ხელისუფლება, დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„თავის დროზე, ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში საქართველო იქნებოდა ჩართული ომში. ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები. მან დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდით და მართლაც ასეა. მაგალითად, 2020 წელს რომ მოეგო კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არჩევნები, ან 2021 წელს მათ რომ მოეხერხებინათ ქვეყნის მიყვანა რიგგარეშე არჩევნებამდე და შეეცვალათ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი, გარანტირებულად, როგორც 2008 წელს მოგვიყვანეს რუსული ტანკები საქართველოში, ასევე დღეს, კიდევ უფრო მძიმედ, პირდაპირ თბილისში ჩაგვიყენებდნენ რუსულ ტანკებს.
ის, რომ გვაქვს ჩვენ მშვიდობა ქვეყანაში და არ დგას რუსული ტანკები, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების გამოცდილების დამსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ საზოგადეობას, რომ მაქსიმალურად დაეცვა ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.