ერთ-ერთი ელჩისგან ფრენების თემაზე აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, საერთოდ სასწაული თქვა, თითქოს მათ შორის იმიტომ არ უნდათ ეს ფრენები, რომ ამ ფრენების გამოყენებით მეტი რუსი გადავა ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეს სჭირდება ვიზა, რათა შევიდეს ევროპაში ან აშშ-ში. „საერთოდ სასწაულია, ამასთან დაკავშირებით რაც ითქვა“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ფრენების სტატისტიკაზეც ისაუბრა.
„ჩვენი მეზობელი ქვეყნები რომ ავიღოთ, თურქეთი, რომელიც არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აზერბაიჯანი, სომხეთი, დღეში სრულდება 150 ფრენა. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 1-2 ფრენა, ადრე იყო ერთი, ახლა შეიძლება ორი. 150 სრულდება მეზობელ ქვეყნებში და ერთი ან ორი საქართველოში. ასეთ დროს, როცა საუბარია, რომ საქართველო იქნება გამოყენებული გვერდის ავლისთვის, საქართველოს გავლით ევროპაში რუსეთის მოქალაქეების უწყვეტი ნაკადი შევა, ეს ხომ აბსურდია. ეს აბსურდია და ამაზე სპეკულირება არის, არ ვიცი, თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია. არ შეიძლება ასეთი თემებით იმის ცდა, რომ რაღაცნაირად დააზარალო შენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის უბრალოდ სპეკულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „რუსეთთან ფრენების აღდგენა შემაშფოთებელია, რადგან იგი იძლევა არა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმის საშუალებასაც, რომ საქართველო გამოიყენონ ევროპაში გადასასვლელად“.