ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდება და ეს იყო ძალიან პროგნოზირებადი, რომ ასეთი იქნებოდა ევროსასამართლოს პასუხი.
"ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა. ეს ჩემი მოსაზრებაა ევროსასამართლომ რაც თქვა. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმედ ავად. ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, რომ იგი არ მოკვდეს და ეს იყო ძალიან პროგნოზირებადი, რომ ასეთი იქნებოდა ევროსასამართლოს პასუხი.
ევროსასამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში მას პრაქტიკულად უნდა დამდგარიყო ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ასეთი საკითხის დაყენებისთვის ჯერჯერობით მზად არ არის ევროსტრუქტურები და თუ ასე გააგრძელა "ქართულმა ოცნებამ" კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ეს მიმართვა იყო შეცდომა, რადგან ნავალნის პრეცედენტი არ არის სიმეტრიული პრეცედენტი იმიტომ, რომ ნავალნისთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არ ვიცით რა სჭირს და კვდება.
საქართველოს ხელისუფლება ამას არ ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცით რა სჭრის და ვიცით, რომ არ მოკვდება. აი ეს იყო განსხვავება, ამიტომ ამაზე ღირდა დაფიქრება 100-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დაფიქრება და ეს არ უნდა გაკეთებინათ იმ მარტივი მიზეზით, რომ იყო პროპაგანდისთვის საჩუქარი," - თქვა ნიკა გვარამიამ.