ბულინგი, ისევე, როგორც ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმა, კატეგორიულად მიუღებელია, რომლის წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე განმარტებით, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურიც, რასაც მოქალაქეები სოციალურ სივრცეში ხშირად აწყდებიან.
„ბულინგი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რადგან ძალადობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით, თუნდაც სოციალურ სივრცეში, სადაც განსხვავებულ აზრს ებრძვიან - მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაშინება, შეურაცხყოფა. პირველ რიგში, ყველა უნდა გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი და მიუღებელია იმიტომ, რომ მას შემდეგ მოჰყვება პასუხები და ძალიან ცუდ პროცესებში შეიძლება გადაიზარდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც უცხოეთიდან ხდება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც პოლარიზაციას უშუალოდ უწყობენ ხელს.
„უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც ამგვარი თემების წახალისება უცხოური დაფინანსებით ხდება, იგივე თუნდაც ბულინგი. მაგალითად, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც უცხოეთიდან ხდება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც უშუალოდ ხელს უწყობენ პოლარიზაციას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია არ მოხდეს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ძალადობის ფაქტები არანაირი ფორმით არ უნდა წახალისდეს.
„ბევრჯერ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადებები, რომ ძალადობა ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელია. მას ხშირად აკავშირებენ ფიზიკურ ძალადობასთან, თუმცა ძალადობა არის იგივე ბულინგი. მაგალითად, ძალადობაა ისიც, როდესაც ერთ-ერთი აქციის დროს, ახალგაზრდა ადამიანი ცდილობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელები ცოცხლად დაწვას და მეორე მხრიდან, კონკრეტული პოლიტიკოსები, პარტიები ცდილობენ, ამ ადამიანების გმირად წარმოსახვას. ხშირად მითქვამს, რომ ზუსტად ასეთი ფაქტები არის ძალადობის, ბულინგის წამახალისებელი. ჩვენ თუ მართლა გვინდა, ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური ინტერესებისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ უნდა დავდგეთ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ძალადობა მიუღებელია; არ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტების თუნდაც ინტერვიუებით, აქციების ორგანიზებით წახალისება. ადამიანს როცა აქვს დანაშაული, არ უნდა მოგვერიდოს, უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ის დამნაშავეა და არა გმირი. როგორ შეიძლება გმირად გამოიყვანო ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა? მიუღებელია ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა თბილისის მერმა.