ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა.
ბოკერიას თქმით, როგორც არ უნდა უყურებდეს ამ საკითხს საქართველოს რომელიმე მოქალაქე, უდავო ფაქტია, რომ ეს საქართველოსთვის არის ცუდი და უწყობს ხელს ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციას, რისი უკვე განუყოფელი ნაწილია უკრაინა.
"ამ რეჟიმისგან ეს არანაირად არ უნდა გვიკვირდეს და მათზე ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს. ამ ხალხს, ივანიშვილს არჩეული აქვს ანტიდასავლური კამპანია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გზად. ეს პუტინისტური სულისკვეთებაა მისი მთავარი ხაზი და სააკაშვილის ამბავი ძალის დემონსტრირების შესაძლებლობაა, რასაც ხელს უწყობს მისივე და მისი გუნდის არათანმიმდევრული საქციელი, რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ფოკუსი უნდა გვქონდეს ერთადერთ რამეზე, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლაზე. ეს არის გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა".- ამბობს გიგა ბოკერია.