უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ. კულებამ ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
კულებას განმარტებით, სასამართლო სხდომიდან კადრების გამოქვეყნების შემდეგ, „ყველაფერმა პიკს მიაღწია“ რის შედეგადაც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი გადადგა“.
„როდესაც სახელმწიფო რაიმეთი უკმაყოფილოა, რეაგირების პირველი ნაბიჯია პროტესტის გამოხატვა, რეაგირების მეორე დონეა - ელჩის გაწვევა კონსულტაციებისათვის, რეაგირების მესამე დონე კი ყველაზე მკაცრია- სთხოვო იმ ქვეყნის ელჩს დატოვოს უკრაინა თავის ხელისუფლებასთან კონუსლატიციბისათვის, დიპლომატიაში ეს უკიდურესად მწვავე ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, - განაცხადა კულებამ.
კულებას აზრით, საქართველოს ხელისუფლებას „რეალურად სურს ის {სააკაშვილი} სიკვდილამდე მიიყვანოს“ პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო. კულებას თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს „მოძველებული სტალინის მეთოდით „რ არის ადამიანი - არ არის პრობლემა“.
„თუ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს შიდა პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევს, მიეცით მას უფლება წავიდეს საქართველოდან, დაე იცხოვროს მშვიდი ცხოვრებით უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში, და გააგრძეელთ თქვენ ცხოვრება, გააგრძეელთ რუსეთთან დაახლოება, თუ თქვენ ასე გსურთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ მხეცურ პოლიტიკას - მის სიკვდილამდე მიყვანას“, - აღნიშნა კულებამ.