ჩვენ მაშინვე ვამბობდით, მეტიც, როცა პირველი ვერსია იყო წარმოდგენილი, მთავარი მიზეზი, რატომაც პირველ ვერსიას ხელი არ მოეწერა, იყო სწორედ ცესკო-სთან დაკავშირებული რეგულაციები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „თუ ასეთი ცუდია მოქმედი წესები, რატომ მოაწერეთ მაშინ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და რატომ არ უთხარით, რომ ეს არ იყო ევროპული სტანდარტი?“
„ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს რეგულაციები იყო წინააღმდეგობაში ევროპულ პრაქტიკასთან და ასევე აუცილებლად შექმნიდა პრობლემებს, იმ პრობლემებს, რომლებიც შემდეგ რეალურად შეიქმნა, მაგრამ გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელმოწერილი იქნა საბოტაჟის, შანტაჟის ქვეშ, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას. აქედან გამომდინარე, შემდეგ, როდესაც ოპოზიცია თავადვე არ შეუერთდა შეთანხმებას, მოხდა მისი ანულირება. ჩვენთვის, ბუნებრივია, ყველაფრის გათვალისწინებით, 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი ფასი არ აქვს, მათ შორის იმის გამოც, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩადებული იყო ისეთი პუნქტები, რომლებიც იყო წინააღმდეგობაში ევროპულ პრაქტიკასთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, – „ვინ გაშანტაჟებდათ?“ – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ეს იყო ღია შანტაჟი ოპოზიციის მხრიდან – საბოტაჟი, შანტაჟი“.