განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა გააღრმავოს პოლარიზაცია, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს.
„საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.