მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც დედას იგინება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მერე იღებს ამაზე პასუხს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს პირველ რიგში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების; თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კასპში, „ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის აზრით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში "ხელისუფლება არაფერ შუაშია".
"მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც დედას იგინება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მერე იღებს ამაზე პასუხს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს პირველ რიგში. არ შეიძლება ასეთი ადამიანები... რა თქმა უნდა, მას აქვს პოლიტიკური მიზანი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საკუთარ გულში ჩაიხედოს სინამდვილეში, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო. ისიც არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამაღრმავებელი ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველამ იცის.
თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია ხელისუფლება? იქნება, მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა. რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა? იქნებ ეს იყო მიზეზი? მის კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი, დამთავრებული ამბავია", - აცხადებს კობახიძე.