პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მგონი, არცერთი არ მივედით ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ დააზუსტა და აღნიშნა, რომ სამი დეპუტატი იყო, რომლებსაც მოსაწვევები შეცდომით გაუგზავნეს.
„სხვათა შორის, ერთი არ იყო, ასეთი იყო სამი, რომლებსაც, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები. სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს არის და ეს. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა კონკრეტული ჩინოსნის მხრიდან და ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.