პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინას საქართველოში ელჩის სახით წარმომადგენელი ამ დრომდე არ ჰყავს.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე, რის შემდეგაც უკვე ერთი წელი შესრულდა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ ეს არამეგობრული ნაბიჯია.
„რა თქმა უნდა, როდესაც დღემდე არ არის ელჩი დანიშნული, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამხელა სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. როდესაც ამ დროს ხდება ქართველი ხალხის მიმართ ასეთი ნაბიჯების გადადგმა, თავიდან ელჩის გაწვევა და შემდეგ, ამდენი ხანი უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენელი რომ არ ჰყავს აქ ელჩის სახით, რა თქმა უნდა, არის სამწუხარო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.