ვიდრე დასავლეთი მიმართავს მკვეთრ ინსტრუმენტს, როგორიცაა სანქციების ინსტრუმენტი, ისინი ცდილობენ, ყველა სხვა მეთოდი გამოიყენონ, რათა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ ხდებოდეს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერმის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად იყო გამაფრთხილებელი ვიზიტი.
„გაისმა გამაფრთხილებელი გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთზე დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით. გვახსოვს ასეთივე გამაფრთხილებელი ვიზიტები, გზავნილები მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც ყველა სხვა დიპლომატიური გზა ამოიწურა და საქართველოს ხელისუფლებამ კორუმპირებული მოსამართლეების გზით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გააგრძელა, მოხდა ამ მოსამართლეების დასანქცირება. ამ შემთხვევაშიც, ვიდრე დასავლეთი მიმართავს ასეთ მკვეთრ ინსტრუმენტს, როგორიცაა სანქციების ინსტრუმენტი, ისინი ცდილობენ, ყველა სხვა მეთოდი გამოიყენონ, რათა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ ხდებოდეს რუსეთზე დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.