როდესაც ვსაუბრობთ რადიკალურ ოპოზიციაზე, ეს უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი არ არის, ესენი არიან უსამშობლოები, როდესაც ხელი აქვთ ყველაფერზე აღებული და ერთადერთი სურვილი აქვთ, ეს ქვეყანა ჩაიგდონ ხელში და კვლავაც გააგრძელონ ის თავაშვებულობა, რასაც თავიანთი ხელისუფლების პირობებში აკეთებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის დევიდ ო’სალივანის ვიზიტის გამო აჟიტირებულები იყვნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანას აპოკალიფსი ელოდა.
„როდესაც აღნიშნული ვიზიტის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, თქვენ ხედავდით, როგორ იყვნენ აჟიტირებულები, ჩამოდიან ახლა და ქვეყანას აპოკალიფსი ელოდება, ამით იყვნენ ისეთი გახარებულები და ბედნიერები. უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი სიბოროტის ხარისხი შენი ქვეყნის მიმართ. თუმცა, როგორც არაერთხელ ყოფილა, გაწბილებული დარჩნენ ეს ადამიანები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქამდე არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა იმისა, რომ საქართველო რაიმეს არღვევს. ეს მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება, რადგან საქართველომ მკაფიოდ, პრინციპულად და მაღალ დონეზე იცავს ამ ყველაფერს და ეს შეფასებები მოვისმინეთ კიდეც. როდესაც ამ შეფასებებს ვიგებთ და გვესმის, ყველაფერთან ერთად თუ მორალიც ვინმეს შერჩენია, ხომ უნდა გამოვიდნენ და თქვან, ჩვენ შევცდით და სულ ტყუილად ვღელავდით, არანაირი პრობლემა არ ყოფილაო. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამ ვიზიტის მესვეურებს მაინც დავეთანხმოთ და მათი პოზიცია გავიზიაროთ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამათი პოლიტიკური მომავალი ჩვენს ქვეყანაში არის დასრულებული, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ეს ადამიანები არიან წინააღმდეგობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და ქართველი ხალხის მომავალთან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.