ჩრდილოკავკასიელი ხალხისადმი მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ცარიელი პროვოკაცია იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საუბარი როცა არის კავკასიურ გაერთიანებაზე, მათ შორის ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს არიან რუსეთის ფედერაციული სუბიექტები. ანუ, საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებზე. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ესეც მორიგი პროვოკაციული განცხადებაა. მათი ბუნება აქედანაც ჩანს. ეს არის მორიგი პრიგოჟინისტური განცხადება. კიდევ კარგი, ეს ადამიანები – სააკაშვილი, გვარამია, ხაბეიშვილი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ არიან, თორემ ქვეყანაში იდგებოდა რუსული ტანკები. გარანტირებულად გეუბნებით, მათ რომ მოეხერხებინათ საპარლამენტო არჩევნების მოგება, 43 პროცენტი რომ არ გადაგველახა და ასე შემდეგ, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ეს მათმა პრიგოჟინისტურმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა. კიდევ კარგი, ისინი დღეს ხელისუფლებაში არ არიან“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.