პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ, ეს არის თავდაცვა ძალადობისგან, რასაც თქვენ კადრულობთ და აკეთებთ, - ამის შესახებ ახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
"იგივე ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები თქვენი ტელევიზიის საშუალებით და გამოყენებით, ესეც ძალადობაა. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არსებობს, მე ამას ვამბობ. სიტყვიერი ძალადობაა, ის რასაც აკეთებთ პოლიტიკოსების ოჯახების წინააღმდეგ, ის, რომ უვარდებით ოჯახებში, ეს ხომ ჩვეულებრივი ძალადობაა“, - თქვა კალაძემ..
მისი თქმით, მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია, "ძალადობის მსხვერპლნი არიან".
„ეს ადამიანები [ბექა ოდიშარია, მამუკა მდინარაძე], ვინც ჩამოთვალეთ, არიან ძალადობის მსხვერპლნი. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის. ის, რასაც თქვენ აკეთებთ ტელევიზიების საშუალებით, ეს ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც მე ვგმობ და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები, სიცრუე", - აცხადებს კალაძე.
კალაძის თქმით, მისი თანაპარტიელები პასუხს სცემენ ტელევიზიების]ძალადობას და თავს იცავენ.
"ტელევიზიები მაგალითისთვის მოვიყვანე, იმიტომ რომ, როდესაც ტელევიზიას იყენებ ამგვარი ქმედებებისთვის, ხარ ჟურნალისტი, კონკრეტული ტელევიზიის დამფუძნებელი, ეს არის ძალიან მძიმე. პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ თქვენს ძალადობაზე, ეს არის პასუხი, იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ და ეს არის თავდაცვა იმ ძალადობისგან, რასაც თქვენ კადრულობთ და აკეთებთ", - აცხადებს კალაძე.
„ქართული ოცნების’ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ 26 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, "ცხვირ-პირში მიიღებს", მანამდე კი უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პრორუსს ვინც დაუძახებს, დედას აგინებს.