„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ცენტრალური ოფისის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელს თავს დაესხნენ.
„ჩვენს თანამშრომელს, ცენტრალური ოფისის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელს თავს ესხმიან მუხანათურად, სახლთან უსაფრდებიან. ირაკლი კობახიძეები და სხვა „რუსული ოცნების“ ხელმძღვანელები პირდაპირ ავალებენ ასე იძალადონ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას მთავარი ბრალდება - რუსობა და პროპუტინისტობა ბოლომდე მიეწებათ, რასაც ვერ ინელებენ და თავს ესხმიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.
„დათოს სახლთან ჩაუსაფრდნენ მომზადებული „ოცნების“ ზონდერები და მიზანმიმართულად, ოღონდ მუხანათურად, ისე რომ არც იყურებოდა, ზურგიდან თავს დაესხნენ მას რამდენიმე ნაძირალა ადამიანი. ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო აგონიაში მყოფი ემსგავსება ლუკაშენკოს და ასლან აბაშიძის ერთობლივ ნაჯვარს, ასეთი ტიპის რეჟიმი გვყავს ჩვენ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მთავარი ბრალდება, რაც მათ მიმართ აქვს ქართველ ხალხს, ეს რუსობა და პროპუტინისტობა, ბოლომდე მიეწებათ, ამას ვერ ინელებენ და ნებისმიერ აქტიურობაზე, ეს იქნება სოციალურ ქსელში თუ სადღაც, ჩვენს თანამშრომელს,ცენტრალური ოფისის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელს თავს ესხმიან მუხანათურად, სახლთან უსაფრდებიან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავს, სასწრაფო და აუცილებელია რეაგირება მოახდინონ ამ დანაშაულზე, მიიღონ შესაბამისი ზომები და დააკავონ ეს ნაძირალა ადამიანები, რომლებმაც თურმე სამედიცინო ნიღბები გაიკეთეს და ამით უნდათ, რომ ვერავინ ვერ ამოიცნოს, თორემ მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდება. უდანაშაულობის განცდა, რომელიც ამ დამნაშავეებს, მოძალეებს დაეუფლათ, რადგან პირდაპირ ავალებენ მათ ირაკლი კობახიძეები და სხვა „რუსული ოცნების“ ხელმძღვანელები, ეს იძალადონ ყველა ოპოზიციურად განწყობილ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანზე, ეს მათ არ უნდა შერჩეთ, აუცილებლად უნდა გამოვლინდეს დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.