მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, მათ შორის უკრაინელებიც და სამწუხაროდ, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების “ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, მე ვიქნებოდი, თუ სხვა, როდესაც ვსაუბრობდით, რომ არსებობენ ადამიანები, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ გამონათქვამები, ფრაზები და არა ირიბი მოწოდებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ, რომ პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ ომისკენ მოწოდებას კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები. ეს არ იყო შემთხვევითი, სპონტანური, ეს იყო დაგეგმილი კამპანია და ალბათ ქართული საზოგადოება კარგად მიხვდება, ვინ არ შეიძლება, იყოს ხელისუფლებაში ამ დროს, რომელიც, სულ რომ თავი დავანებოთ და არაფერი დავაბრალოთ ქვეყნის საწინააღმდეგო ამ კონკრეტულ ადამიანებს, როგორ იმპულსურად მოქმედებენ თითოეულ ახალ ამბავზე.
მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, მათ შორის უკრაინელებიც. ხმას არ იღებდნენ, აკვირდებოდნენ სიტუაციას. მსოფლიოს ყველა ლიდერი საუბარობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, რადგან არავინ იცოდა, ეს იყო დადგმული პროვოკაცია, იყო რეალური ამბოხი, რა ხდებოდა და სამწუხაროდ, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს. არ დაგვავიწყდეს, ეს მხარე იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში, აქტიური მონაწილეობა მიიღო სამხედროების, ქალებისა და ბავშვების დახოცვაში. სამწუხაროდ, ამ ადამიანს და ამ ადამიანებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ საქართველოდან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.