ხელმოცარულებს სურთ, ქვეყანა რამენაირად უბედურებას წამოაგონ, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს აჰყვა პრეზიდენტიც. უფუნქციოდ არის დარჩენილი და არ იცის, რა ქნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ჩვენმა ხელმოცარულებმა ვაივიში დაიწყეს. ვგულისხმობ ოპოზიციას, რადიკალებს, ჩასაფრებული რომ არიან და უნდათ, ქვეყანა რამენაირად უბედურებას წამოაგონ, რაღაც შეცდომა დაუშვას, ქაოსი, დაძაბულობა შეიქმნას და საზღვარზე ვიღაც შემოგვივარდეს. ამაზე არიან აქცენტირებულები და ჩასაფრებულები. დღის მეორე ნახევარში მათი შერბილებული ტონი სასაცილო იყო. ჯერ მოუწოდებდნენ, აბა, ჯარები განათავსეთ, უშიშროების საბჭო მოიწვიეთო. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს აჰყვა პრეზიდენტიც. უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და არ იცის, რა ქნას. ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამას დავუპირისპირეთ გონიერება, სიმშვიდე. ხელმოცარულების ნაწილი ლექსებს უძღვნიდა პრიგოჟინს, ერთ მოძალადეს და ოკუპანტს. მეორე ოკუპანტი, რომელიც რუსეთი და პუტინია, მათ შორის არჩევანს აკეთებენ. ესენი აქცენტირებული არიან, ჩვენს საზღვრებზე ვითარება დაიძაბოს. რატომ? ვინაიდან ნაწილი, წლებია, რუსეთიდან ფინანსდება, ფედერალური ბიუჯეტიდან, უძრავ ქონებას ყიდულობენ, გამდიდრდნენ და მეორე ნაწილი გავლენის აგენტები არიან. მათი ამოსავალია, ვითარება დაიძაბოს, რადგან არჩევნებით ვერ მოდიან და იქნებ ამით სცადონ. ამას ვერასდროს მიაღწევენ, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს კვალიფიციური, გონიერი და ქვეყნის ინტერესებზე აქცენტირებული ხელისუფლება, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ივნისს განაცხადა, რომ იძულებულია, საჯაროდ მოუწოდოს პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო.