ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ.
„არცერთი კითხვის ნიშანი საქართველოს მიმართ არ არსებობს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მივყვებით კეთილსინდისიერად. ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა. 1 300-მდე საზღვრის კვეთა შეჩერდა, გადაზიდვა შეჩერდა, ვინაიდან იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რაც სანქციის ქვეშ იყო. გამომგზავნები იყვნენ, მათ შორის ევროკავშირის წევრები, მათ შორის აშშ. ამიტომ პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთები და სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში. რაც შეეხება საქართველოს, რომელსაც შეიძლება, მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდეს, შუალედური გადაზიდვის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინაამღდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და პარტნიორებისგან აბსოლუტურად არის გაგება ამ მიმართულებით. ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოუწოდებს საქართველოს, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგვიწოდებს, რომ შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.