საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას.
„როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას სრულად აკონტროლებს და ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით სწორ რეაგირებას ახდენს, რაც მიმდინარე დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა პრიგოჟინის იმედად მყოფმა ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ჩათვალა, რომ, ხელისუფლების ნაცვლად, გადაწყვეტილებები მათ უნდა მიიღონ, თითქოს მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყანასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია ჰყავს, რომელიც თითოეულ საკითხზე დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს აკეთებს და ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რაც გაუთვლელია.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს და როგორ ხდება ეროვნული ინტერესის, უსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულმა ლიდერმა აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და პასუხისმგებლობიანი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო რომ სთავაზობს გაერთიანებას, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას და ადეკვატურად მოქმედებს საგარეო, საერთაშორისო რისკებთან მიმართებით, რომლებიც ახლა, ამ რთული ომის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში არის ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.