ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გადაწყვეტილების თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
„ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს, უბრალოდ, არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა. საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკს, „კრედიტ სუისს“. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც ახორციელებს „კრედიტ სუისი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, „Credit Suisse-ი მოქმედებდა თავხედურად“.
„ელემენტარულად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები ანგარიშიდან და ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ამის შემდეგ იწყება მისი ანგარიშის ძარცვა, 2008 წლიდან. ამას აკეთებს Credit Suisse-ი თავხედურად და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას პოლიტიკური ინტერესები, ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.