რთული სათქმელია, რამდენად გამოხატავდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას. ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას ისე თუ ხედავს, რომ შეიძლება, ეს დეპოლარიზაციად ჩაითვალოს, შეფასებებს ვნახავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავნჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ გვარამიას პატიმრობას საერთოდ რამე საერთო ჰქონდა მედიათავისუფლებასა და მედიაპლურალიზმთან.
“განცხადებები, რომლებიც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გვესმის, შეგვიძლია, დავაკავშიროთ არაერთი რეკომენდაციის შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან უკვე აღინიშნა. თუ ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციის შესრულებას მოემსახურება და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს მომავლის საკითხია – შევხედოთ, როგორ შეგვაფასებს ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, რთული სათქმელია, რამდენად გამოხატავდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესსა და ნებას. ევროკავშირი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისე თუ ხედავს, რომ შეიძლება, ეს დეპოლარიზაციად ჩაითვალოს, შეფასებებს ვნახავთ, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდება, თუმცა რთულად წარმომიდგენია, რომ ადამიანმა, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობდა პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას. არ მიმაჩნია, რომ გვარამიას პატიმრობას საერთოდ რამე საერთო ჰქონდა მედიათავისუფლებასა და მედიაპლურალიზმთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.