"ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამიას თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს მას - ეს არის ჩემი და ევროპული საქართველოს აზრით ამ ამბის მოკლე შეფასება".- ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იყო "დაგვიანებული, მაგრამ სწორი".
გიგა ბოკერიას თქმით, გვარამიას საქმე ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტითაც კი განსაკუთრებით უტიფარი იყო, ამიტომ პერსონალური ემოციებით აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ აღნიშნავს, რომ ემოციებმა საერთო ვითარების საღი შეფასება არ უნდა დაგვაკარგინოს.
"მთავარი რიტორიკული შეკითხვა, რომელიც მინდა დავსვა არის ის, რომ ამ ამბის შემდეგ გავხდით, თუ არა არსებითად კარგი ქვეყანა და რეალურად დავუახლოვდით, თუ არა ჩვენს ნამდვილ დასავლურ იდენტობასა და ევროპისკენ დაბრუნების გზას?! - პასუხი სამწუხაროდ არის უარყოფითი.
ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების წარსული შემთხვევები, თუმცა ამის შემდეგ ვითარება ქვეყანაში წინ არ წასულა, უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა საფუძველი გვეფიქრა, რომ ივანიშვილი ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნითა და მის გარეთ მძევლების დახმარებით პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებდა.
ასევე არ უნდა მოგვატყუოს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისა და პოლიტიკური არარაობების სიძულვილით ნარევმა ბრაზიანმა რეაქციამ, ასეთივე რეაქცია ჰქონდათ მათ წინა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც და ეს უბრალოდ მათ ბუნებას აჩვენებს. განსაკუთრებით გვარამის მხრიდან ზურაბიშვილზე წარსულ კრიტიკასა და თავდასხმებზე ამახვილებენ ყურადღებას, ანუ მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა ესმით, როგორც პირადი ურთიერთობების გარკვევა, ეს ისევ მათზე მეტყველებს".- ამბობს ბოკერია.
მისი თქმით, გვარამიას შეწყალება ზეიმის საფუძველს არ გვაძლევს, სანამ არსებობს რეჟიმი, რომელსაც სწორად მიაჩნია, შესაძლებლად მიაჩნია და სძალუძს გვარამიას მსგავს საქმეებზე ადამიანების დაჭერა.
"ჩემი აზრით, ოპოზიციის ნაწილის, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ხალხისა და ოპოზიციური მედიის ნაწილის რეაქციაც იყო არაადეკვატური, ვგულისხმობ ამ ნაბიჯზე ყიჟინასა და აღფრთოვანებას და ნაწილობრივ ჩვენს დამუნათებას, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი მაგალითად ევროპულ საქართველოს, ვინც ვითხოვდით მისგანა ამას - ეს აბსურდია, ჩვენ მისგან სწორ რამეს მოვითხოვდით და მან ეს ნაბიჯი გადადგა დაგვიანებით და ამისთვის ბოდიში რატომ უნდა მოვუხადოთ. იმისთვის მოვუხადოთ ბოდიში, რომ 400 დღე უდანაშაულო ადამიანი ციხეში იჯდა?
რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდაო, ესეც აბსურდი და სისულელეა. მას შეწყალებული ჰყავს ოქრუაშვილი აპელაციამდე, არა თუ უზენაესამდე, ანუ ასეთი პრეცენდენტი აქვს. ანუ რა გამოდის უზენაესს, რომ მიეღო გვარამიას საქმე, კიდევ თვეები უნდა მჯდარიყო ნიკა?! - ეს არის არასერიოზული, ამიტომ ამ ემოციებში არ უნდა დავკარგოთ საღი აზრი და ფოკუსი. განვმეორდები, ნიკა გვარამია რომ არის თავისუფალი, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ქვეყანა არ არის თავისუფალი, სანამ მას მართავს ივანიშვილის რეჟიმი და ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული ამ პუტინისტური რეჟიმის შეცვლაზე.
ცალკე მინდა აღვნიშნო ნაციონალური მოძრაობის არადეკვატური რეაქციაც, ზედმეტი ქებით გამოირჩნენ, როგორც ჩანს მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილსაც შეიწყალებს, რაც თუ მოხდება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ ეს არის არის დამოკიდებული ნაციონალური მოძრაობის ზურაბიშვილისადმი დაყვავებაზე, ისინი თუ ასე ფიქრობენ, ეს გულუბრყვილობაა. ამ შემთხვევაშიც კი, თუ ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები გათავისუფლდებიან, თუ ეს რეჟიმი რჩება და ივანიშვილი ფლობს ძალაუფლებას ჩვენ არ ვართ თავისუფლების სამშვიდობოს გასული".- ამბობს გიგა ბოკერია.