ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, რომ დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ვინაიდან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, ყველა ეს ადამიანი დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია.
ვნახოთ, თუკი ეს იყო ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის საფუძველი, ვინაიდან მათ შესაძლოა, მიაჩნდათ, რომ უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება. ახლა, ვინაიდან ნიკა გვარამია შეწყალებულია, გამოდის, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს. ამაში ჩართული იყვნენ, მათ შორის, უცხოეთიდან ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ პრეზიდენტს შეწყალებისკენ, ახლა აიღონ პასუხისმგებლობა და დავაკვირდეთ ოპოზიცია რამდენად შეცვლის საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.