თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა, კვდებოდა და ასე შემდეგ.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სირცხვილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა, დღეს პოლიტიკაში ჩართვის სურვილს ისევ აცხადებს.
„სააკაშვილი პოლიტიკიდან შორს არასდროს ყოფილა. ეს იყო უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი და მაშინ ასე აწყობდათ, თითქოს ის პოლიტიკაში არ ერეოდა. არადა, რეალურად მას ამის უფლება კანონით არ აქვს იმიტომ, რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. წარმოგიდგენიათ? საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. რეალურად არასდროს ყოფილა დაშორებული პოლიტიკისგან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა მილიონობით თანხა დახარჯეს კამპანიაში, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და რაშიც მილიონობით თანხები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა. ისინი დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული პოლიტიკოსები. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდნენ იმაში, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, ხელისუფლებამ მოწამლა და ასე შემდეგ. ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.