"ერთადერთი, რასაც საკუთარი რწმენა, საკუთარი სინდისი, საკუთარი ქვეყნის ტრადიციები და არა ევროკავშირი ან ამერიკა გვავალდებულებს, არის ის, რომ ყველა ადამიანს მოვექცეთ თანასწორად და არ დავუშვათ ადამიანების დევნა", - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.
პრემიერმა განაცხადა: „ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია”.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა, თითქოს დასავლური ინტეგრაცია, ნატოსა და ევროპისკენ სვლა, არის საფრთხე ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის, არის აბსურდული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ამ სიცრუის მეშვეობით რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და შედეგად, დასავლეთისგან იზოლირებულები მარტო დაგვტოვოს რუსეთის წინაშე.
"ივანიშვილის რეჟიმი, რუსული პროპაგანდის მსგავსად, ცდილობს დასავლური ცივილიზაციის შიგნით მიმდინარე მწვავე დისკუსიის მხარედ წარმოადგინოს თავი. სინამდვილეში, არც ივანიშვილი და არც მისი მარიონეტები, არათუ დასავლური, არამედ არც ერთი ცივილური დისკუსიის მხარე არ შეიძლება იყვნენ - არც გაქანებით და არც ღირებულებებით, რადგან მათ არც ერთი აქვთ და არც მეორე.
ღარიბაშვილს რაც დასჭირდება იმად გაასაღებს თავს: ხან უნგრელი მემარჯვენეა, ხან ჩინელი მაოისტი, ხან ქართველი პატრიოტი, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, რადგან მისი ვინაობა ისედაც ცნობილია: პოლიტიკური არარაობა.
ადამიანებს, რომელთაც დასავლურ ცივილიზაციაში მიმდინარე დისკუსია აღელვებთ, საქართველოში ეს დისკუსია უნდა აწარმოონ ისე, რომ ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგში არ აღმოჩნდნენ. ივანიშვილის ხელისუფლება არ იცავს არც ბავშვებს, არც ოჯახს, არც რწმენას - ის იცავს მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას და ცდილობს დაგვაშოროს იმ ცივილიზაციას, სადაც რუსეთისგან განსხვავებით დისკუსია საერთოდ შესაძლებელია".- ამბობს გიგა ბოკერია.