საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს უნარი გააკონტროლონ თავიანთი ქვეყნის საჰაერო სივრცე ან უკუაგდონ ნებისმიერი მეზობლის შემოჭრა ქვეყანაში. წერდა საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი ვაშინგტონს საიდუმლო გზავნილში, რომელიც 2009 წლის ივნისითაა დათარიღებული. ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გვერდ "WikiLeaks"-ის გვერდზე გამოქვეყნებული ახალი მასალებიდან ირკვევა.
"საქართველოს ახლანდელი ოპერატიული გეგმები მდგომარეობს იმაში, რომ თუკი არმია შეძლებს და თბილისს შემოჭრილი ჯარისგან 72 საათის განმავლობაში დაიცავს, საერთაშორისო საზოგადოება ზეწოლით შეძლებს და გააჩერებს შემტევ მხარეს", _ წერდა ტეფტი და იქვე აღნიშნავდა, რომ - "რუსეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს სამხედრო პოტენციალი 2008 წლის აგვიტოსთან შედარებით გაიზარდა და რომ თბილისი გამალებით იარაღდება - შეცდომაა".
2008 წლის აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის დროს საქართველომ დაკარგა სულ მცირე 60 % ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა, ჯავშანმანქანების 30 % და ამერიკული წარმოების იარაღის 40 % - "და ყველა ეს დანაკარგი აღდგენილი არ არის", _ წერდა ტეფტი.
მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ჯარის რაოდენობის შემცირების შესახებ 6 ათასი კაცით. "გასული წლის ივნისში ქართულ არმიაში 31 ათასი ადამიანი იყო. თავდაცვის მინისტრმა კი ჩვენ კონფიდენციალურად გვაცნობა, რომ შეიარაღებული ძალების საბოლოო რაოდენობა 30 ათას ჯარისკაცზე ნაკლები იქნება", _ აღნიშნავს ტეფტი.
ამასთან ერთად, მისივე თქმით, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის 7 %-ით მოსალოდნელი შემცირება საბოლოო ჯამში მივა იქამდე, რომ საქართველოს დანახარჯები თავდაცვისათვის 2008 წლის დონის ნახევარი იქნება.
"ქართული მხარე არ აცხადებს არმიის შემცირების შესახებ, იმის, გამო, რომ შიშობს, რომ ქართული არმიის მცირერიცხოვნობამ შესაძლოა რუსებს შეიარაღებული შემოჭრისკენ უბიძგოს", _ წერს ტეფტი.
აშშ-ს ელჩი საქართველოში ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა გააფართოოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, ვინაიდან აშშ-ს უარი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე აღქმული იქნება როგორც "რუსეთის დაჯილდოება საქართველოს აგრესიისათვის და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ვალდებულებების დარღვევისათვის".
"რუსეთმა შეიძლება ამტკიცოს, რომ არც ერთი იარაღი არ არის თავისი ბუნებით მხოლოდ თავდაცვითი. რუსეთმა ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ საქართველო მალულად ყიდულობს იარაღს, თუმცა ამის არავითარი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს", _ წერს ტეფტი.
ამასთან ერთად, ტეფტი საუბრობს რამდენიმე იდეის შესახებ, რომელიც მისი აზრით შეძლებდნენ რეგიონში არასტაბილურობის რეალური საფრთხის განეიტრალებას.
"უპირველეს ყოვლისა ჩვენ შეგვიძლია ვუბიძგოთ საქართველოს გააკეთოს საჯარო განცხადებები ან წერილობითი ვალდებულებები ახალი სამხედრო პროგრამების მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის შესახებ. ამასთან ერთად შეიძლება შევთავაზოთ საქართველოს, რუსეთს შესთავაზოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება",_ წერს ტეფტი და იქვე ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსეთი საქართველოს ამ წინადადებას დასთანხმდება.
მასალის გამოყენების პირობები