12 რეკომენდაციიდან ძნელად შეიძლება, რომელიმეს თავიდან ბოლომდე შესრულებული დავარქვათ. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატა დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების ნაწილში „ქართულ ოცნებას“ სატრაბახო არ აქვს.
„12 რეკომენდაციიდან, სამწუხაროდ, შესრულებული არ არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც ჩვენ გვქონდა ძირითადი აქცენტი. ეს იყო დეპოლარიზაცია, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმა არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად ჩატარების კონტექსტში და მედიათავისუფლების ნაწილში. ერთ-ერთი აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო დეოლიგარქიზაცია და ვხედავთ, „ქართული ოცნება“ როგორი შანტაჟით, პროვოკაციით ახდენს მის შესრულებას. რეალურად, 12 რეკომენდაციიდან ძნელად შეიძლება, რომელიმეს დავარქვათ თავიდან ბოლომდე შესრულებული. ძნელად შეიძლება, მნიშვნელოვან და ყველაზე მოცულობით რეკომენდაციებს ვუწოდოთ, რომ თავიდან ბოლომდეა შესრულებული.
ხელისუფლება მიმართავს რადიკალიზაციას და პოლარიზაციას, ზღუდავს მედიათავისუფლებას, არ ახდენს დეოლიგარქიზაციას, არ არსებობს პოლიტიკური ნება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სასამართლოების საკითხი. ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ რეკომენდაციების ნაწილში „ქართულ ოცნებას“ სატრაბახო ნამდვილად არ აქვს. დაველოდოთ, როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება ოქტომბერში, შემდეგ დეკემბერში გაფართოებაზე იქნება სამსჯელო. ეს იქნება ძალიან სერიოზული ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რაღაც ფორმალური ნაწილი დღეს რომ განიხილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის გეოპოლიტიკური სერიოზული ცვლილებების და პლატფორმის დამსახურებაა. ეს თემა ოქტომბრამდე კვლავ აქტუალური დარჩება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.