პროპაგანდა და დეზინფორმაცია გამოწვევაა, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. გამოწვევა მრავალმხრივი, სხვადასხვამხრივია. მარტო რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჰკითხეს საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე, რომელშიც კელი დეგნანი ამბობს: „ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ძალიან სახიფათოა“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა სახის დეზინფორმაცია ცუდია.
„მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე. ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული იყვნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში. დეზინფორმაცია კარგი და ცუდი არ არსებობს. დეზინფორმაციულ გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია კარგია. ყველა დეზინფორმაცია ცუდია.
გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიანი ტყუილი, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, წამებას, მოწამვლას ეხებოდა. არც ერთმა „ენჯეომ“ ხმა არ ამოიღო ამასთან დაკავშირებით და გაჩუმდა. ყველა „ენჯეომ“, რომელიც თავს ეძახის სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველი ხალხის წარმომადგენელს, ქართველი ხალხი გაწირა არეულობისთვის და ყალბი ნარატივებისთვის. ყველა იყო ჩუმად, მათ შორის მაშინდელი სახალხო დამცველი იყო ნაწილი ამ ყალბი კამპანიისა. გახსოვთ მათი დასკვნები და რეკომენდაციები, რომ მიხეილ სააკაშვილი აკმაყოფილებს პირობებს მისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშერებითაც კი. ეს მაშინდელმა სახალხო დამცველმა თქვა. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც სახალხო დამცველი, „ენჯეოები“ საუბრობდნენ და რაც სხვადასხვა დასავლურ მედიაში იწერებოდა. ყველამ ერთად პირი შეკრა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ყველა ამ ჯგუფმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს. ყველა ვინც საუბრობს რუსულ დეზინფორმაციაზე, იქვე ისაუბროს არა მხოლოდ იმაზე, რომ დეზინფორმაცია ეროვნების მიხედვით არის ცუდი ან კარგი, არამედ ნებისმიერი დეზინფორმაცია ცუდია და ამას ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.