ევროკავშირის ოფიციოზისა და ზოგიერთი ევროპარლამენტარის დაუდევრობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი მივიდა აზრამდე, რომ შეეძლო, ჩუმად შემოპარულიყო საქართველოში და აქ სიტუაცია აეყირავებინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„საქართველოს მოქალაქეობით თუ მოქალაქეობის გარეშე ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას წლები არ ეშვებოდა. მათ შორის, საზღვარგარეთიდან ის პირდაპირ იყო ჩართული რადიკალიზმის გაღვივებაში. ამ წუხილს ადრეც გამოვთქვამდით, რომ სამწუხაროდ, სასჯელმისჯილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, იყო უკრაინაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დადიოდა ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეს ხელს ართმევენ და პატიჟებენ სხვადასხვა ღონისძიებაზე. სწორედ ამ დაუდევრობამ, მათ შორის, ევროკავშირის ოფიციოზისა და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, მიგვიყვანა იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი მივიდა იმ აზრამდე, რომ შეეძლო ჩუმად შემოპარულიყო საქართველოში და აქ სიტუაცია აეყირავებინა . ჩვენ ყველამ გაგვწირა, ვინც მიხეილ სააკაშვილს მფარველობდა, ვინც მას ხელს ართმევდა, ვინც მას თანამდებობაზე ნიშნავდა, ვინც მასთან ერთად კონფერენციაზე იდგა დამნაშავესთან ერთად, საქართველო ყველამ გასწირა არეულობისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო გადაარჩინა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა.
„ერთადერთი, ვინც ჩვენ გადაგვარჩინა, არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც დროულად გამოავლინა და დააკავა მიხეილ სააკაშვილი. რომ არა ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროული და პროფესიული რეაგირება, დღეს რა მდგომარეობა იქნებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი იდგებოდა, არავინ იცის. ვინც სააკაშვილს ხელს ართმევდა, როდესაც ის ცნობილი იყო დამნაშავედ, ყველა ამ ადამიანმა, ქართველმა თუ უცხოელმა, ქართველი ხალხი გასწირა ამ არეულობისთვის და ერთადერთი ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ გადაგვარჩინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.