ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნება“ თავგამოდებით ცდილობს, თუ კიდევ ვინმეს პოლიტიკური განწყობა შერჩა, სტატუსის მინიჭების პროცესზე რაიმე პოზიტიური თქვას, ეს გაანეიტრალოს. ვგულისხმობ იმ მიზანმიმართულ და დაგეგმილ პოლიტიკურ ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება უკანასკნელი დღეების განმავლობაში ახორციელებს, როცა ზურა ჯაფარიძეს და ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ყველა რეფორმა ჩააგდოს, რათა საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
არ ვიცი, რა იქნება ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი, მაგრამ ვვარაუდობ, ევროკომისიის დასკვნა იქნება, რომ არ არის განხორციელებული ევროკავშირის მოთხოვნები და დაიტესტება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არცერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს სტატუსის მინიჭებას და ყველა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი ვერ გახდეს პოზიციის დაკავება, რომ სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. გეოპოლიტიკური მოსაზრებებიც არსებობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებები იმ მიზანმიმართულ საბოტაჟს გადაწონის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმართა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.