ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს მეფეებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მას კვერცხები ესროლეს.
„ძალადობასთან თუ გვაქვს საქმე, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, პირდაპირ ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ გმირ მეფეებს და ა.შ. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი. ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს მეფეებს, ერეკლე მეორე, დავით აღმაშენებელი გალანძღა.
ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც არის მიუღებელი და იმედი მაქვს, რომ პოლარიზაციის, რადიკალიზმის გაღვივება არ მოხდება მომავალში, ეს არის ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.