საქართველოდან გადის ქართული გენი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აზარაშვილი გამოეხმაურა მთვარობის მიერ ინიცირებულ სუროგაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
"ხშირ შემთხვევაში, მანკიერი პრაქტიკა, რაც აქამდე იყო ქვეყანაში და სამწუხარო ფაქტები რაც გვქონდა, როგორც ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში, ასევე სუროგაციის შემთხვევაში, ასევე ძალიან დიდი რისკები დაკავშირებული ქვეყნის გარეთ ბავშვების გაყვანასთან. თითქოს არის სპეკულაციები, რომ რაღაცა კანონმდებლობა, რეგისტრაციასთან დაკავშირებული, ქვეყანაში არსებობს და ახალშობილი ბავშვები იქ რეგისტრირდებიან, მშობლებიც მიეთითება და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, იქ სადაც აქვთ ამ ბავშვის გაშვილების, არ მინდა ვთქვა, მაგრამ რეალურად არის გასხვისების, პოტენციური მოლოდინი და სადაც სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა და ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა ასეთი არასწორი მიზნებისთვის," - განაცხადა აზარაშვილმა.