თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალადობა კატეგორულად მიუღებელია, მათ შორის, ის აგრესია, რაც მოდის ოპოზიციის მხრიდან.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერ ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ძალადობის წახალისებას ახდენს ჯაფარიძე და ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ პირს, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელებს და მათი ცოცხლად დაწვა უნდოდა.
„ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ჯაფარიძე, მხარს უჭერენ და ახალისებენ ახალგაზრდას, ვინც ისროლა მოლოტოვის კოქტეილი და ჰქონდა მცდელობა დაეწვა პოლიციელები. ეს ადამიანი უნდათ გამოიყვანონ გმირად.
აი, ეს არის ბოროტების პირდაპირი წახალისება, რაც ძალიან მძიმეა. საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს. ასევე, ძალიან მძიმეა ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება, დაფინანსება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყებს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას, როდესაც საუბარი მიდის რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნიდან, რომელი კონკრეტული ორგანიზაცია აფინანსებს ამ ახალგაზრდების დაჯგუფებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.