პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
როგორც კობახიძე განმარტავს, კანდიდატები პარლამენტში კონსულტაციების გარეშე არიან წარდგენილი.
„ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია ამ თემასთან დაკავშირებით. მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამისს კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა – როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას, წარდგენას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები. რაც ამ შემთხვევაში დაირღვა, ეს ერთი. და მეორე, ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ. გვარების დასახელება არ არის საჭირო, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ არცერთს არ ვუჭერთ მხარს. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა კობახიძემ.