პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში არავითარი შანსები არ აქვს.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი სახე. როდესაც კაცი სიმულიანტობს 600 დღის განმავლობაში, მას რა რეიტინგი უნდა შერჩეს, მე არ ვიცი, შეიძლება, ჰყავს თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ კაცს ჰქონდეს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში, ამ კულტურულ საზოგადოებაში, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, ბუნებრივია, მას პოლიტიკაში არანაირი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძე.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს.
„რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, ორ საკითხთან დაკავშირებით მას შეფარდებული აქვს სასჯელი, ყველამ იცის, რა მოხდა გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით, ყველას ახსოვს, რა მოხდა ვალერი გელაშვილის წამებასთან დაკავშირებით. ეს დანაშაულები აბსოლუტურად ცხადია და საზოგადოების თვალწინ იქნა ჩადენილი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, რომელიც მას აქვს შეფარდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.