პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გათავისუფლებას, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას.
„სააკაშვილის, დავარქვათ, გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი – სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. იყო თავიდან ბოლომდე 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია, საზოგადოებას უმტკიცებდნენ, ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდებოდა. თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. უცბად ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი. ეს არის ცარიელი სიმულაცია, იყო ცარიელი სპეკულაცია, თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ ეს ადამიანი კვდებოდა. უბრალოდ სირცხვილია. როცა ბოლომდე გაირკვა თითოეული ადამიანისთვის, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი იყო მართალი, მათაც კი გაიაზრეს საბოლოო ჯამში, რომ ეს კაცი არის უბრალოდ მიუნხაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. აბსოლუტურად ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, როლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას და ა.შ. გახსოვთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი მოხვდა შესაბამისი ჩანაწერი. თითოეულმა ამ ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე მიჩნევს, რომ სააკაშვილს პოლიტიკაში არავითარი შანსები არ აქვს.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მისი სახე. როდესაც კაცი სიმულიანტობს 600 დღის განმავლობაში, მას რა რეიტინგი უნდა შერჩეს, მე არ ვიცი, შეიძლება, ჰყავს თავისი სექტის ძველი წარმომადგენლები, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ კაცს ჰქონდეს თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში, ამ კულტურულ საზოგადოებაში, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, ბუნებრივია, მას პოლიტიკაში არანაირი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძე.