სანამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარანტია არ დაიდება, არა მგონია, რომ მას სურვილი ჰქონდეს დაბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ექიმების რეკომენდაციებს კვლავაც არ ემორჩილება.
„ხშირად გვიცხადებს უარს კვლევებზე. საკვების მხრივაც რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებაა, არაა. ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება ეს პერიოდი ის იყო, რომ მე ადამიანები ასეთი მატყუარები არ მეგონნენ. კი, მეტ-ნაკლებად ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა, რომ არ არსებობს წმინდანი ადამიანი, მაგრამ მე ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელისმომწერი, ყველაფრის დამბრალებელი, დაუნდობელი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა. მართლა არ მიფიქრია, რომ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაც მას ფიქრადაც არ ჰქონია, იმისთვის რომ შენი რაღაც მიზანი გაამართლო“, - განაცხადა ნადირაძემ.