პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც გორში, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ეხებოდა.
ელჩის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთი მოტივირებული ძალადობის დონემდე.
„მე გავეცანი მოხსენებებს, თუმცა სრულად გარკვეული არ ვარ, რა მოხდა. ვიმედოვნებ, ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული. რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დაუშვებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთი მოტივირებული ძალადობის დონემდე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს დღეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ცნობით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.