სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 ისეთი დაავადება, რომელსაც სიკვდილამდე მიჰყავდა? რას აკეთებენ საერთოდ და როგორ გვატყუებენ კოლეგებს?- ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ TV პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცახდებასთან დაკავშირებით თქვა.
„ამ ქვეყნის პოლიტიკა სათამაშო არ არის. არ არის სათამაშო, რომელზეც იტყვი, რომ დღეს მოქალაქე ვიქნები, ხვალ აღარ ვიქნები - სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მივიღებ და დავკარგავ. დღეს ვიტყვი, რომ უკრაინელი ვარ, ამ ქვეყნის პოლიტიკაში ან მომავალში ვმონაწილეობ მხოლოდ და საქართველოს პოლიტიკას არ ვეხები. ჯერ ამას ამბობ, მეორე დღეს ამბობ განსხვავებულ პოზიციას, ეს გაუგებარია საერთოდ. ან რა ტიპის თანამონაწილეობაზეა საუბარი, ეს მათი არჩევანია, მათი პარტიის და სააკაშვილი ყოველთვის იყო ჩართული ამ პარტიის მართვაში და არც არავის ჰქონია ილუზია, რომ ამ ყველაფერს თავს გაანებებდა და არ იქნებოდა მთავარი აქტორი ნაციონალურ მოძრაობაში. არა, ის ახლაც ამას ცდილობს, აკეთებს. უბრალოდ საჯარო განცხადებები და პირობები უნდობლობას აჩენს.
მე, როგორც ადამიანს და იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ბევრი იმუშავა, გულწრფელად, თამამად შემიძლია ვთქვა, ბევრი იმუშავა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე - ერთ-ერთი პირველი ვიყავით, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში გავედით, საერთაშორისო ველზე სააკაშვილის გადარჩენის საკითხს ვაყენებდით, ბოდიში და კეთილი ინებონ და, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთონ განცხადება და ჩაგვაყენონ საქმის კურსში, სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 ისეთი დაავადება, რომელსაც სიკვდილამდე მიჰყავდა? რას აკეთებენ საერთოდ და როგორ გვატყუებენ კოლეგებს?“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.